ბენიამინ ნეთანიაჰუ - მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვისთვის, ასევე შეტევისთვის
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის ირანიდან პირდაპირი თავდასხმისთვის და ამ თავდასხმას უპასუხებს.
„ბოლო წლებისა და, განსაკუთრებით, ბოლო კვირების განმავლობაში, ისრაელის მოქალაქეები, ისრაელი ემზადებოდა ირანიდან შესაძლო პირდაპირი თავდასხმისთვის. ჩვენი თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვისთვის, ასევე შეტევისთვის. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ისრაელის თავდაცვის ძალები ძლიერია, ისრაელის საზოგადოება ძლიერია”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, აფასებს აშშ-ის გვერდით დგომას, ასევე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და მრავალი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას.
„ჩვენ დავიცავთ თავს ნებისმიერი საფრთხისგან და ამას მშვიდად და მონდომებით გავაკეთებთ. ვიცი, რომ თქვენც, ისრაელის მოქალაქეები, სიმშვიდეს ინარჩუნებთ. მოგიწოდებთ, მოუსმინოთ ისრაელის თავდაცვის ძალების მითითებებს და ინსტრუქციებს. ერთად დგომით და ღვთის დახმარებით, ერთად დავამარცხებთ ჩვენს ყველა მტერს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება. მოგვიანებით ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღა გაუშვა.