ბენიამინ ნეთანიაჰუ - მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი ფასისა, რომელსაც ომი ჩვენგან მოითხოვს, ის უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე
ბენიამინ ნეთანიაჰუ - მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი ფასისა, რომელსაც ომი ჩვენგან მოითხოვს, ის უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე

ჩვენ ომში ვართ იმისთვის, რომ ვიარსებოთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი ფასისა, რომელსაც ომი ჩვენგან მოითხოვს, ჩვენი დაღუპული ქალიშვილებისა და ვაჟების სახით, ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ახალი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელელი მძევლების გადასარჩენად. მისი თქმით, ისრაელის სამხედროების მიერ ღაზაში ძალის გამოყენება აუცილებელი იყო მძევლების დასაბრუნებლად და ომის მოსაგებად.

„ჰამასის“ ლიკვიდაციის შემდეგ ღაზას სექტორი იქნება დემილიტარიზებული და ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ, არცერთი ელემენტი აღარ შეგვიქმნის საფრთხეს ან ასწავლის ბავშვებს ჩვენს განადგურებას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, რომ ეს ნეთანიაჰუს პირველი ოფიციალური განცხადებაა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ოპერაციის დროს ცეცხლი შემთხვევით „ჰამასის“ მიერ გატაცებულ ისრაელელ მძევლებს გაუხსნეს, რის შედეგადაც სამი მძევალი დაიღუპა.