ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელს არ ჰყავს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით და ამერიკას არ ჰყავს ისრაელზე დიდი მეგობარი, ეს არის გონებისა და გულის შეხვედრა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დონალდ ტრამპის გეგმა ღაზიდან პალესტინელების გადასახლების შესახებ არის პირველი ახალი იდეა ბოლო წლებში. „ფოქს ნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტთან ურთიერთობაზე, ღაზასა და ისრაელელ მძევლებზე, რომლებიც ამ დრომდე „ჰამასის“ ტყვეობაში არიან.
ნეთანიაჰუს თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ისრაელს მომდევნო კვირას ცოცხალი მძევლების 75% ეყოლება დაბრუნებული.
„ჩვენ გვაქვს სამი მიზანი ომში: პირველი – გავანადგუროთ „ჰამასის“ სამხედრო და სამმართველო პუნქტები; მეორე – დავიბრუნოთ ყველა მძევალი და მესამე – დავრწმუნდეთ, რომ ღაზა აღარასდროს შეუქმნის საფრთხეს ისრაელს“, – თქვა ნეთანიაჰუმ.
ამერიკის პრეზიდენტზე საუბრისას კი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ტრამპი არის ყველაზე კარგი მეგობარი, ვინც ისრაელს თეთრ სახლში ოდესმე ჰყოლია.
„ვფიქრობ, რომ მას არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ცვლილება შეაქვს ისრაელ-ამერიკის ალიანსში, არამედ აძლიერებს მას იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე გვინახავს. ის ასევე არის არაჩვეულებრივი ლიდერი ამერიკისთვის და მსოფლიოსთვის. ისრაელს არ ჰყავს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი ახლა პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით და ამერიკას არ ჰყავს ისრაელზე დიდი მეგობარი. ეს არის გონებისა და გულის შეხვედრა“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ტრამპის ინიციატივას ღაზასთან დაკავშირებით, ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ამ იდეას აქვს პოტენციალი, ყველაფერი შეცვალოს ღაზაში. „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ 7 ოქტომბრის სასაკლაოს შემდეგ აღარავინ იტყვის, რომ ღაზაში დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფო შეიქმნას, რადგან იქ უკვე იყო პალესტინური სახელმწიფო, რომელსაც „ჰამასი“ მართავდა.
„რა მოხდა ამის შემდეგ? ხედავთ, ის გამოყენებული იყო, როგორც ტრამპლინი, ჩვენი განადგურების მცდელობაში. როდესაც ჩვენ დავასრულებთ ახლო აღმოსავლეთის გარდაქმნას, როდესაც ჩვენ ირანის ღერძს კიდევ უფრო მეტად შევამცირებთ, ვიდრე აქამდე შევამცირეთ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ ირანს არ აქვს ბირთვული იარაღი, როდესაც გავანადგურებთ „ჰამასს“, ეს შექმნის საფუძველს დამატებითი შეთანხმებისთვის საუდელებსა და სხვებთან“, – თქვა ნეთანიაჰუმ.