ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის უსაფრთხოების და კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს პასუხობს – „7 ოქტომბერს ჩემი პირადი ნომრის გარეშეც შეგეძლო ჩემი გაღვიძება“
შეგეძლო, 7 ოქტომბერს გაგეღვიძებინე, თუნდაც ჩემი პირადი ნომრის გარეშე, – ასე პასუხობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის უსაფრთხოების და კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, რონენ ბარის საჩივარს.
რონენ ბარმა ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით საჩივარი შეიტანა. ნეთანიაჰუ ბარს ადანაშაულებს, რომ მან „ჰამასის“ საფრთხის შესახებ იცოდა, თუმცა ამის შესახებ პრემიერ-მინისტრს არ შეატყობინა. სარჩელში ბარმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს პირადი ტელეფონის ნომერიც კი არ ჰქონდა.
„რონენ, სერიოზულად ამბობ? ხომ გქონდა ჩემი დაცული ტელეფონის ნომერი და შეგეძლო, დაუყოვნებლივ დაგერეკა, როგორც ამას უსაფრთხოების სისტემის ყველა ხელმძღვანელი აკეთებს. რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეგვეძლო, დროულად რომ დაგერეკა“, – ამბობს ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, რონენ ბარი სარჩელში ცილისწამებისთვის 3 მილიონ შეკელს (დაახლოებით 975 000 აშშ დოლარი) ითხოვს. რონენ ბარი დეტალურად აღწერს იმ ნაბიჯებს, რომლებიც მან და ისრაელის უსაფრთხოების და კონტრდაზვერვის სამსახურმა 7 ოქტომბრის გამთენიისას, თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებული შეშფოთების საპასუხოდ გადადგეს. მათ შორის საუბარია დილის 3:55 საათზე ნეთანიაჰუს სამხედრო სამდივნოს ინფორმირებაზე.
ისრაელის კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი სარჩელში ასევე საუბრობს იმ გაფრთხილებებზე, რომლებიც, მისი თქმით, ნეთანიაჰუს 7 ოქტომბრის თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე გადასცა.
რონენ ბარი ასევე დასძენს, რომ 2023 წლის 14 სექტემბერს „მტრისგან უჩვეულო გზავნილი მიიღეს“ და ამის შესახებ ნეთანიაჰუ საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა არ აკონკრეტებს, რას ეხებოდა ეს გზავნილი.
„შინ ბეთის“ ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 17 სექტემბერს გამართულ განხილვებზე ისაუბრა კონფლიქტის გარდაუვალი ესკალაციის საფრთხის შესახებ და აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო შეკავების მექანიზმის დაუყოვნებლივ გაძლიერება. ისრაელის კონტრდაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ არ ცდილობს, თავი აარიდოს პასუხისმგებლობის საკუთარ წილს.
შეგახსენებთ, 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში „ჰამასის“ თავდასხმას დაახლოებით 1 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 251 კი მძევლად იყო აყვანილი, რამაც ომი გამოიწვია.