ისრაელის უსაფრთხოების და კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი რონენ ბარი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ცილისწამებისთვის უჩივლა

16:54, 14.10.2026

ისრაელის უსაფრთხოების და კონტრდაზვერვის სამსახურის (შინ ბეთი) ყოფილმა ხელმძღვანელმა, რონენ ბარმა ბენიამინ ნეთანიაჰუს „ჰამასის“ თავდასხმასთან დაკავშირებით ცილისწამებისთვის უჩივლა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

კერძოდ, ისრაელის მედიის თანახმად, რონენ ბარმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს უჩივლა „ცილისწამებისთვის, თითქოს ბარმა იცოდა 2023 წლის 7 ოქტომბრის წინა საათებში „ჰამასის“ თავდასხმის საფრთხის შესახებ, თუმცა გადაწყვიტა, პრემიერ-მინისტრისთვის არ ეცნობებინა“.

რონენ ბარი სარჩელში ცილისწამებისთვის 3 მილიონ შეკელს (დაახლოებით 975 000 აშშ დოლარი) ითხოვს. რონენ ბარი დეტალურად აღწერს იმ ნაბიჯებს, რომლებიც მან და ისრაელის უსაფრთხოების და კონტრდაზვერვის სამსახურმა 7 ოქტომბრის გამთენიისას, თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებული შეშფოთების საპასუხოდ გადადგეს. მათ შორის საუბარია დილის 3:55 საათზე ნეთანიაჰუს სამხედრო სამდივნოს ინფორმირებაზე.

ისრაელის კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი სარჩელში ასევე საუბრობს იმ გაფრთხილებებზე, რომლებიც, მისი თქმით, ნეთანიაჰუს 7 ოქტომბრის თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე გადასცა.

რონენ ბარი ასევე დასძენს, რომ 2023 წლის 14 სექტემბერს „მტრისგან უჩვეულო გზავნილი მიიღეს“ და ამის შესახებ ნეთანიაჰუ საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა არ აკონკრეტებს, რას ეხებოდა ეს გზავნილი.

„შინ ბეთის“ ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 17 სექტემბერს გამართულ განხილვებზე ისაუბრა კონფლიქტის გარდაუვალი ესკალაციის საფრთხის შესახებ და აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო შეკავების მექანიზმის დაუყოვნებლივ გაძლიერება. ისრაელის კონტრდაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ არ ცდილობს, თავი აარიდოს პასუხისმგებლობის საკუთარ წილს.

რონენ ბარის მიმართ ნეთანიაჰუს ბრალდებები გაჟღერდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი გაფრთხილებული იყო მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.

შეგახსენებთ, 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში „ჰამასის“ თავდასხმას დაახლოებით 1 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 251 კი მძევლად იყო აყვანილი, რამაც ომი გამოიწვია.

მსგავსი