ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში პოზიციებს არ დატოვებენ, ვიდრე „ჰამასი“ სრულად არ განიარაღდება
„ჰამასი“ ვიდრე სრულად არ განიარაღდება, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში ამჟამად დაკავებულ პოზიციებს არ დატოვებენ, – აღნიშნულის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელი ღაზის დემილიტარიზაციის საკითხს განიხილავს.
„დონალდ ტრამპს და მის გუნდს სჯერათ, რომ, შესაძლებელია, „ჰამასი“ სრულად განიარაღდეს და ღაზა დემილიტარიზებული იყოს. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მხარეებს შორის შეთანხმების პროექტი ისრაელს არ მოუმზადებია.
„მათ გამოგვიგზავნეს პროექტი, რომელსაც ჩვენ არ დავთანხმდით. ეს არ იყო ჩვენი პროექტი. ჩვენ გავაგზავნეთ ჩვენი პასუხი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.