ბენიამინ ნეთანიაჰუ – ირანთან შეთანხმების მიღწევის იმედი არ მაქვს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ივლისში, ვაშინგტონში გამართული შეხვედრისას ირანთან დაკავშირებით სამი შესაძლო გზა განიხილა – დიპლომატიური შეთანხმება, სამხედრო მოქმედება და ირანზე ზეწოლის გამკაცრება.
ნეთანიაჰუს თქმით, შეხვედრისას ტრამპს განუცხადა, რომ თეირანთან „კარგი შეთანხმების“ მიღწევის შესაძლებლობაში ეჭვი ეპარება.
„რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეთანხმების მიღწევა. ჩვენ კარგი შეთანხმების მიღწევის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ იქ, იმ ველურებთან შეთანხმებას მიაღწევთ. გეუბნებით: თქვენ ვერ შეძლებთ შეთანხმების მიღწევას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, მეორე ვარიანტი, რომელიც ტრამპთან განიხილა, სამხედრო მოქმედება იყო.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში თავის დაცვას აუცილებლად შეძლებს.
„ჩვენ ირანს უფლებას არ მივცემთ, თავს დაგვესხას. თუ ისინი თავს დაგვესხმებიან, მათ იმაზე გაცილებით ძლიერი დარტყმა ელით, ვიდრე ოდესმე წარმოდგენას შეძლებენ, ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე მიუღიათ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ტრამპთან საუბრისას მესამე ვარიანტი – ირანზე ზეწოლა განიხილა.
„მე მას ვუთხარი: არსებობს მესამე ვარიანტი — ალყის გამკაცრება. თქვენ გადაწყვიტეთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრს პირდაპირ არ უთქვამს, რომ „ზეწოლის გამკაცრებაში“ კონკრეტულად სანქციებს გულისხმობდა, თუმცა, მისი თქმით, აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია.
ნეთანიაჰუს თქმით, ტრამპის ნაბიჯი, ირანზე პირდაპირი ზეწოლის გარდა, იმ პირების წინააღმდეგაც არის მიმართული, რომლებიც თეირანის ხელისუფლებას ეხმარებიან.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ზეწოლა გაამკაცრა – არა თავად ირანზე ზეწოლის გაძლიერებით, არამედ იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებით, რომლებიც ამ რეჟიმს, ამ საშინელ დიქტატურას ეხმარებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.