ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას საეჭვოს უწოდებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას საეჭვოს უწოდებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას საეჭვოს უწოდებს. გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ირანს ისრაელის აწმყოსა და მომავლის მოსპობა სურს.

„საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ახლო აღმოსავლეთის ბირთვული შეიარაღებისგან თავი დავიცვათ, არის ან ირანთან შეთანხმების ბოლომდე მოგვარება, ან მისი ბოლომდე უგულებელყოფა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ ირანსა და საერთაშორისო შუამავლების ექვსეულს (რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და გერმანია) შორის 2015 წელს დადებული ერთიანი, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის შესახებ საუბრისას.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ამ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი და ევროპელი მოკავშირეები მასში დამატებითი პაქტით შესწორებებს არ შეიტანენ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, იუკია ამანოს განცხადებით, „თუ ერთიანი, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა ჩავარდება, ეს მრავალმხრივი ბირთვული შემოწმებისათვის დიდი დანაკარგი იქნება“.

ნეთანიაჰუ გაერო-ში გამოფენის წარდგენაზე იყო ჩასული, რომლის სახელწოდებაა „ისტორიის 3000 წელი: ებრაელები იერუსალიმში“.