ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანს დაემუქრა
ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანს დაემუქრა

ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანს დაემუქრა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთ ავიაბაზას სტუმრობდა და საბრძოლო თვითმფრინავ ეფ-35-ის ფონზე ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.

მედიასთან საუბარში ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ ირანი მათ განადგურებით დაემუქრა.

„უნდა გახსოვდეთ, რომ ამ საბრძოლო თვითმფრინავებს ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერ ადგილას მიღწევა შეუძლია, მათ შორის კი, არის ირანი და სირია“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ბენიამინს ნეთანიაჰუს განცხადება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. შვიდ ივლისს ოფიციალურმა თეირანმა ბირთვული შეთანხმების შედეგად დაკისრებული ვალდებულებების შემცირების შესახებ განაცხადა. კერძოდ, ურანის გამდიდრების მაჩვენებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ 3,67 პროცენტზე მაღლა გაზარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურმა თეირანმა მას შემდეგ მიიღო, რაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დატოვა და მალევე ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა.