ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის, რადგან რასაც ირანი დამალავს, ისრაელი იპოვის
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის, რადგან რასაც ირანი დამალავს, ისრაელი იპოვის

ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის, რადგან რასაც ირანი დამალავს, ისრაელი იპოვის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასამბლეის წინაშე სურათები და მონაცემები წარადგინა და თქვა, რომ ისრაელის მიერ მოპოვებული ცნობებით, ირანი მეორე საიდუმლო ბირთვულ ობიექტს მალავს.

„ჩვენ უკვე წარვადგინეთ მოპოვებული დოკუმენტები, რომ ირანი ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას. აქამდე ატომურ სააგენტოს ირანისთვის ერთი შეკითხვაც არ დაუსვამს. მე გადავწყვიტე კიდევ ერთი ინფორმაცია გავაჟღერო, რაც ამ დრომდე არ გავრცელებულა. ირანს აქვს საიდუმლო ბირთვული ობიექტი თეირანში. ეს მეორე საიდუმლო ადგილია. გასულ თვეში მათ გადააადგილეს 15 კილოგრამი რადიოაქტიული მასალა და თეირანში გაანაწილეს. მივმართავ ირანის ტირანებს, ჩვენ ვიცით რას აკეთებთ და სად აკეთებთ“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.

ნეთანიაჰუს თქმით, ბირთვული შეთანხმების მხარდამჭერები ფიქრობდნენ, რომ ხელშეკრულების შემდეგ მიღებულ თანხებს, ირანი შიდა პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენებდა, მაგრამ ეს მან შეიარაღებისთვის გამოიყენა, რაც კარგად ჩანს რეგიონში.

„ეს შეთანხმება ომს ჩვენ საზღვრებთან მოიტანს. ღაზაში ირანი აიარაღებს ტერორისტულ ჯგუფებს. ლიბანში ეხმარება ჰეზბოლას, რომ ააშენოს საიდუმლო ადგილები მართვადი რაკეტებისთვის. ჰეზბოლა უდანაშაულო ადამიანებს იყენებს ცოცხალ ფარად ბეირუთში. მივმართავ ჰეზბოლას, ისრაელმა ასევე იცის რას აკეთებთ და სად აკეთებთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე თქვა, რომ ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას პოზიტიური მხარეც აქვს, რადგან როგორც არასდროს, ისე დააახლოვა ისრაელი და არაბული ქვეყნები.

დატოვე კომენტარი