ბენიამინ ნეთანიაჰუ გვატემალას მადლობას უხდის
ბენიამინ ნეთანიაჰუ გვატემალას მადლობას უხდის

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გვატემალას მადლობას უხდის. ამის მიზეზი გვატემალის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, რომ ისრაელში არსებული წარმომადგენლობა თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანოს.

„ღმერთმა დაგლოცოს, ჩემო მეგობარო, პრეზიდენტო მორალეს, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყნები, ისრაელი და გვატემალა“, – განაცხადა ინგლისურ ენაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტში გამოსვლისას.

გვატემალის ეს ნაბიჯი არც პალესტინურ მხარეს დარჩენია ყურადღების მიღმა. მათი შეფასებით, ცენტრალური ამერიკის ქვეყანა ისტორიის მცდარ მხარეს აღმოჩნდა.

გვატემალის პრეზიდენტმა, ჯიმი მორალესმა განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, ისრაელში გვატემალის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავა. განცხადებაში, რომელიც მორალესმა Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ მან ეს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ მიიღო.

გვატემალა ერთ-ერთი იყო იმ შვიდი ქვეყნიდან, რომლებმაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, აშშ-სთან ერთად, იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

აშშ გვატემალის მნიშვნელოვანი დონორია. მანამდე დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს, რომლებიც გაერო-ს ასამბლეის სხდომაზე მათ წინააღმდეგ მისცემდნენ ხმას, დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.