ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროში იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ კენჭისყრის შედეგს არ აღიარებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროში იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ კენჭისყრის შედეგს არ აღიარებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროში იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ კენჭისყრის შედეგს არ აღიარებს.

ისრაელის პრემიერი მადლობას უხდის ქვეყნებს, რომლებიც ხმის მიცემისას ისრაელის გვერდით დადგნენ.

„ისრაელი უარყოფს გაეროს გადაწყვეტილებას. ამავდროულად კმაყოფილები ვართ იმ ქვეყნების რაოდენობით, რომლებმაც გაეროს რეზოლუციის სასარგებლოდ არ მისცეს ხმა“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ისრაელის პრემიერი კიდევ ერთხელ უხდის მადლობას აშშ-ის პრეზიდენტს ურყევი მხარდაჭერისთვის. ასევე ქვეყნებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის რეზოლუციას და „დადგნენ ისრაელის გვერდით, დადგნენ სიმართლის გვერდით“.
დღეს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ.

გენერალურ ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაზე რეზოლუციას 128 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ცხრა წინააღმდეგ წავიდა, 35-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საპასუხოდ თურქეთისა და იემენის მიერ მომზადდა, თუმცა მისი თანაავტორი მოგვიანებით გაერო-ს წევრი 36 ქვეყანა გახდა.

იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაში აშშ ნახსენები არ არის, თუმცა დოკუმენტში წერია, რომ წმინდა ქალაქის სტატუსის შეცვლას კანონიერი ძალა არ უნდა ჰქონდეს.