ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს
ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს. ბენიამინ ნეთანიაჰუს პირველი შეხვედრა ევროპული საბჭოს შენობაში აქვს დანიშნული.

ნეთანიაჰუ და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი პრესასთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. მედიასთან საუბრის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ, ნეთანიაჰუ ბრიუსელში ევროპელ დიპლომატებს პირველად შეხვდება.

ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის სახელით განცხადება 7 დეკემბერს გააკეთა.

„ჩვენ გვაქვს ნათელი, ერთიანი და მკაფიო პოზიცია. ჩვენ გვჯერა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის ერთადერთი რეალისტური გადაწყვეტა დაფუძნებულია ორი სახელმწიფოს არსებობის პრინციპზე. იერუსალიმი უნდა იყოს როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის დედაქალაქი“, – აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

ევროკავშირის მაღალჩინოსნები ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ შეშფოთებული არიან. ისინი რეგიონში დაძაბულობის თაობაზე და სიტუაციის დეესკალაციის გზებზე ნეთანიაჰუსთან საუბარს აპირებენ.

მოგერინისთან და საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დასრულებისთანავე, ნეთანიაჰუ შეხვედრებს ევროკომისიაში გააგრძელებს. ევროკომისიაში ისრაელის პრემიერს პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი მიიღებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ბრიუსელში პარიზიდან ჩადის, სადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

„ტრამპის მიერ იერუსალიმის დედაქალაქად აღიარება მშვიდობას უშლის ხელს და ჩვენ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი ვართ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

„რაც უფრო მალე აღიარებენ პალესტინელები რეალობას, მით უფრო მალე დამყარდება სიმშვიდე“, – ასეთი იყო ისრაელის პრემიერის პასუხი მაკრონის განცხადებაზე.

იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას აღიარა.