ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ ვებრძვით გლობალურ ანტისემიტურ წაქეზებას, ახლა ორი ისრაელელი რეჟისორი, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებს ომის დამნაშავეებად წარმოაჩენენ, ვენეციის ფესტივალზე აპლოდისმენტებს იღებენ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს, NAZA-ს „შოკის მომგვრელი წაქეზება“ უწოდა. ნეთანიაჰუს განცხადებით, ახალი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამტკიცებს, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დაღუპვა სამიზნეების შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებებში სისტემატურად იყო გათვალისწინებული, ებრაელების წინააღმდეგ მიმართული გლობალური წაქეზების ტალღის ნაწილია.
„ეს შოკის მომგვრელია. ჩვენ ვებრძვით გლობალურ ანტისემიტურ წაქეზებას და მიუღებელია, როდესაც ეს ჩვენივე მხრიდან მოდის. ახლა ორი ისრაელელი რეჟისორი, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებს ომის დამნაშავეებად წარმოაჩენენ, ვენეციის ფესტივალზე აპლოდისმენტებს იღებენ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ფილმმა NAZA-მ, რომლის რეჟისორებიც ისრაელელი ჟურნალისტები არიან, ვენეციის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა. მისი ჩვენების შემდეგ კი ფილმმა მაყურებლისგან 25-წუთიანი ოვაცია დაიმსახურა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ფილმის სახელწოდება მომდინარეობს ისრაელის სამხედრო ტერმინიდან, რომელიც მოსალოდნელ „თანმდევ მსხვერპლს“ – სამოქალაქო პირების შესაძლო დაღუპვას აღნიშნავს. ფილმი ეფუძნება დაზვერვის ოფიცრებისა და ომში მონაწილე ჯარისკაცების ანონიმურ ინტერვიუებს.
ნეთანიაჰუს განცხადებას წინ უძღოდა ისრაელის სამხედრო ძალების შტაბის უფროსის, ეიალ ზამირის კომენტარი. მან ფილმს ისრაელის სახელმწიფოზე თავდასხმა უწოდა.
„იმის საფუძველზე, რაც ამ დრომდე გამოქვეყნდა, ეს არ არის ფილმი, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების კრიტიკას გვთავაზობს და არც სიმართლის დადგენის მცდელობაა. ის ეფუძნება ცილისწამებებს, რეალობის განზრახ დამახინჯებას და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებისა და მეთაურების წინააღმდეგ მიმართულ მძიმე და ცრუ ბრალდებებს“, – განაცხადა ზამირმა.
ამასთან, ზამირმა შესაბამის სამხედრო ორგანოს დაავალა, შეისწავლოს ფილმთან დაკავშირებით შესაძლო სამართლებრივი ზომების საკითხი და წინ წასწიოს მათი მიღების პროცესი.
ფილმის ერთ-ერთმა რეჟისორმა პრიზის მიღებისას განაცხადა, რომ დანაშაულის უარყოფა ხელს უწყობს მის გაგრძელებას და სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ფილმი ისრაელელებმა ნახონ.