ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ ომში ვართ ჩვენი არსებობის უზრუნველსაყოფად
ოპერაციის მესამე დღეა. ჩვენ ვართ ოპერაციაში სახლისთვის, ეს არის ომი ჩვენი არსებობის უზრუნველსაყოფად, ომი, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვებთ, ეს ომი დაგვაკისრა საზიზღარმა მტერმა – მხეცებმა, რომლებიც ზეიმობენ ქალების, ბავშვების და მოხუცების მკვლელობას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„სიკვდილით დასჯილი ბავშვები, ზურგში დახვრეტილი ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები და სხვა სისასტიკეები, რომელსაც აქ არ აღვწერ. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რა არის „ჰამასი“. ახლა მთელმა მსოფლიომ იცის. „ჰამასი“ არის ისლამური სახელმწიფო და ჩვენ დავამარცხებთ მას ზუსტად ისე, როგორც ცივილიზებულმა სამყარომ დაამარცხა ისლამური სახელმწიფო“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის დაყოფა დასრულდა და მოუწოდა ოპოზიციას, შეუერთდეს ერთიან მთავრობას „წინასწარი პირობების გარეშე“.
ნეთანიაჰუს თქმით, ომის დაწყებისას ხუთი მოქმედების შესახებ გასცა ბრძანება.
„პირველი – იმ ტერორისტების დამარცხება, რომლებიც ჯერ კიდევ ისრაელში არიან და სხვების შესვლის აღკვეთა – ოპერაცია, რომელიც გრძელდება; მეორე – გადასვლა მასიურ, უპრეცედენტო შეტევით ოპერაციაზე „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელიც ახლაც მიმდინარეობს; მესამე – სხვა ფრონტების სიჩუმე, ჩრდილოეთით, „ჰეზბოლას“ პირისპირ; მეოთხე – ოპერაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გაგრძელება და ისრაელის მოქმედების თავისუფლების შენარჩუნება, რაც მთავარია, ისრაელის ეროვნული ერთიანობის განმტკიცება. ჩვენ შორის განხეთქილება დასრულდა. ჩვენ, ყველანი ერთიანი ვართ და როდესაც ჩვენ ვართ ერთიანები, ჩვენ ვიმარჯვებთ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ლიდერებს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის.