ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ დავარტყამთ ჩვენს მტრებს და ისინი გადაიხდიან ფასს ნებისმიერი აგრესიული მოქმედებისთვის
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ დავარტყამთ ჩვენს მტრებს და ისინი გადაიხდიან ფასს ნებისმიერი აგრესიული მოქმედებისთვის

ჩვენ დავარტყამთ ჩვენს მტრებს და ისინი გადაიხდიან ფასს ნებისმიერი აგრესიული მოქმედებისთვის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის მტრები ყველგან გამოვლინდებიან და ისრაელის მოქალაქეები მხარს უჭერენ ისრაელის არმიისა და უსაფრთხოების სამსახურების ქმედებებს.

„ცოტა ხნის წინ მე ნათლად განვაცხადე, რომ ჩვენმა მტრებმა არასწორად არ უნდა შეგვაფასონ: ისრაელში შიდა დებატები ხელს არ შეგვიშლის მათ წინააღმდეგ ზომების მიღებაში ყველგან და როცა საჭირო იქნება. ყველა ჩვენგანი, გამონაკლისის გარეშე, ერთიანი ვართ ამ საკითხზე. ჩვენ არ ვაპირებთ, შევცვალოთ სტატუს კვო ტაძრის მთაზე. ჩვენ მოვუწოდებთ სიტუაციის განმუხტვისკენ და მივიღებთ ძლიერ ზომებს ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებიც იქ ძალადობას იყენებენ.

რაც შეეხება სხვა ფრონტებზე ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას, ჩვენ დავარტყამთ ჩვენს მტრებს და ისინი გადაიხდიან ფასს ნებისმიერი აგრესიული მოქმედებისთვის“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დროს იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთში ისრაელის პოლიციის შესვლამ ადგილზე დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვია. რამადანი წელს ებრაელთა პასექის დღესასწაულს დაემთხვა. ინციდენტის შემდეგ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 30-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ისრაელმა თავდასხმაში ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასი“ დაადანაშაულა. ეს იყო ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა ლიბანის მხრიდან 2006 წლის ომის შემდეგ. 25 რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.