ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტები ამტკიცებს, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ფარულად აწარმოებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მის ხელთ არსებული „საიდუმლო ბირთვული დოკუმენტები“ ამტკიცებს, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ფარულად აწარმოებს. ამის შესახებ განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მისი თქმით, 55 000-გვერდიანი მასალა, რომელიც ისრაელის მხარემ მოიპოვა, აჩვენებს, თუ როგორ ატყუებდა ირანი მსოფლიოს 2015 წლის შემდეგ, როცა მათ ხელი მოაწერეს ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ შეთანხმებას.
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ნეთანიაჰუ „ხალხს ატყუებს“.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე დიდი ხანია ირანთან სანქციების გაუქმების სანაცვლოდ დადებული ამ შეთანხმების გაუქმებით იმუქრება.
ნეთანიაჰუმ განცხადება თელ ავივში, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ინგლისურ ენაზე გააკეთა. ისრაელის პრემიერმა, მისი თქმით, საიდუმლო მასალების ზუსტი ასლები წარადგინა, რომლებიც ისრაელის დაზვერვამ თეირანში მოიპოვა.
„ეს დოკუმენტები საბოლოოდ ამტკიცებს, რომ ირანი უტიფრად იტყუება, როცა ამბობს, რომ ბირთვულ იარაღს არ აწარმოებს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.