ბენიამინ ნეთანიაჰუ ბრიუსელში, ფედერიკა მოგერინის ხვდება
ბენიამინ ნეთანიაჰუ ბრიუსელში, ფედერიკა მოგერინის ხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბრიუსელში შეხვედრები დაიწყო.

როგორც ბრიუსელიდან „პირველი არხის“ კორესპონდენტი იუწყება, ამ წუთებში ისრაელის პრემიერი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ ბენიამინ ნეთანიაჰუ ევროპულ საბჭოს შენობაში მიიღო.

”მოხარული ვარ, თქვენი მასპინძლობით. მიხარია, რომ ჩემი მოწვევა მიიღეთ და ჩამობრძანდით. იმედია მაქვს, ბრიუსელში თქვენს შემდეგ ვიზიტს 22 წელი აღარ დასჭირდება”, – ამ სიტყვებით დაიწყო მოგერინიმ ბრიფინგი ევროპულ საბჭოში.

როგორც ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ტრამპის გადაწყვეტილებას, ორმხრივ ურთიერთობებს, მოლაპარაკებების პროცესს და რეგიონში არსებულ ვითარებას, რომელიც ორგანიზაციის ღრმა შეშფოთებას იწვევს.

”უსაფრთხოების საკითხებია გადაჭრა შედის ისრაელის ინტერესებში. ისრაელის პარტნიორები და მეგობრები აქტიურად ვმსჯელობთ ამ საკითხზე. ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, ვცდილობთ განვაახლოთ სამშვიდობო პროცესი ისრაელსა და პალესტინას შორის. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორია ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხზე. ევროკავშირი მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს პრინციპს. ეს არის ჩვენი კონსოლიდირებული მიდგომა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს, არის სიტუაციის შემდგომი ესკალაცია. სასტიკად ვგმობ ებრაელებზე მომხდარ თავდასხმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის, ევროპაშიც. სიტუაციის დაძაბვა და ძალადობა იქნება საჩუქარი მათთვის, ვის ინტერესებშიც არ შედის და უფრო მეტიც, წინააღმდეგია სამშვიდობო პროცესის”,- განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი და ევროკავშირი ახლო პარტნიორები არიან და ისრაელი ორგანიზაციასთან აქტიურად თანამშრომლობს უსაფრთხოების საკითხებზე.

”ჩვენი სამსახურების დახმარებით, ევროპაში ათობით ტერორისტული აქტის თავიდან აცილება მოხერხდა. ჩვენმა თანამშრომლობამ გადაარჩინა ათობით ადამიანის სიცოცხლე”, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

როგორც ისრაელის პრემიერმა განაცხადა, პალესტინა სამშვიდობო ინიციატივების წინააღმდეგია და ეს არის  გადაუჭრელი კონფლიქტის მიზეზი. 3000 წლის მანძილზე, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფაქტები ერთად დააწყო და მიიღო გადაწყვეტილება. მშვიდობა რეალობას და ფაქტებს ეფუძნება. იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია და ეს იცით აქ ყველამ, ვისაც გიმოგზაურიათ ისრაელში. ჩემი და პრეზიდენტის ოფისები, ასევე პარლამენტი იერუსალიმში მდებარეობს. ვერავინ უარყოფს ფაქტს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. რეალობის აღიარება მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. აშშ-ის ადმინისტრაციას აქვს ახალი სამშვიდობო ინიციატივა. ვფიქრობ, მშვიდობის დამყარებას შანსი უნდა მივცეთ”,-განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ევროკომისიის პრეზიდენტსაც შეხვდება.