ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თურქეთისთვის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შესაძლო მიყიდვა ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსს დაარღვევს და ახალი აგრესია მოჰყვება

00:47, 08.07.2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, თურქეთისთვის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შესაძლო მიყიდვა ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსს დაარღვევს.

როგორც ნეთანიაჰუმ „სიენენთან“ ინტერვიუში აღნიშნა, თურქეთის სამხედრო შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება რეგიონში სტაბილურობას არ შეუწყობს ხელს.

„მათ თუ ასეთ შესაძლებლობას მისცემთ, ამას ახალი აგრესია მოჰყვება“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მან ტრამპს პირადადაც მოუწოდა, თურქეთისთვის F-35-ები არ მიეყიდა.

„ასეთი გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსს დაარღვევს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მიუხედავად უთანხმოებისა, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მას და აშშ-ის პრეზიდენტს ძირითად საკითხებზე ერთნაირი ხედვა აქვთ.

„ის შეერთებული შტატების პრეზიდენტია და აკეთებს იმას, რაც ამერიკისთვის არის კარგი. მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ და ვაკეთებ იმას, რაც ისრაელისთვის არის მნიშვნელოვანი. უმეტეს შემთხვევაში, ეს ორი ერთმანეთს ემთხვევა“, –  განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თქმით, თურქეთი აშშ-ის საიმედო მოკავშირე არ არის.

„თურქეთი შეერთებული შტატების სამაგალითო მოკავშირე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ღიად ემუქრება ისრაელს.

„ის ჩემი ქვეყნის, ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს განადგურებით იმუქრება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია მისი შედეგების შეფასება.

„ჯერ ძალიან ადრეა თქმა, რა მოხდება. პრეზიდენტს სჯერა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას მოლაპარაკებების გზით შეძლებს. მე გარკვეული ეჭვები მაქვს, თუმცა, ვფიქრობ, მას ამის შანსი უნდა მიეცეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი