ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მოქალაქეებს შვიდი დღის განმავლობაში აუცილებლობის გარეშე საცხოვრებლის დატოვება აეკრძალებათ
ისრაელის ხელისუფლება მოქალაქეებისგან შვიდი დღის განმავლობაში სახლში დარჩენას მოითხოვს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნა არა სარეკომენდაციო ხასიათის, არამედ სავალდებულოა და უკიდურესი აუცილებლობის გარეშე საცხოვრებლის დატოვება აიკრძალება.
ისრაელში კორონავირუსით 677 ადამიანია ინფიცირებული.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ „მოსადმა“ ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის საჭირო 100 000-მდე ტესტი ერთ დღეში ჩაიტანა. თუმცა, ადგილობრივი გამოცემის, „იერუსალიმ პოსტის“ ინფორმაციით, ისინი არასრული შემადგენლობის აღმოჩნდა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწუნა.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სადიაგნოსტიკოდ ტესტები ფარულად ისეთი ქვეყნისგან შეიძინეს, რომელთანაც ისრაელს დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურად არ აქვს.