ბენიამინ ნეთანიაჰუ - ლიბანის ტერიტორიაზე მყოფ ისრაელელ ჯარისკაცებს საფრთხეებთან გასამკლავებლად მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრთან ერთად, გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ლიბანის სამხრეთ ნაწილში მყოფ ისრაელელ ჯარისკაცებს მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ, აღკვეთონ ნებისმიერი საფრთხე, რომელიც მათ ან ისრაელის ჩრდილოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ემუქრებათ.
„ისრაელის თავდაცვის ძალები ამ საკითხში შეზღუდული არ არის. მათ მხარს ვუჭერ და ზურგს ვუმაგრებ. მთელი ერი მათ გვერდით დგას. დაჟინებით მოვითხოვ, დავრჩეთ უსაფრთხოების ზონაში ლიბანის სამხრეთში იქამდე, ვიდრე ეს საჭიროა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები და ჩვენი სახელმწიფოს ყველა მოქალაქის დასაცავად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მეორე დღეა, ძალაშია. „როიტერის“ ცნობით, სააგენტოს ლიბანის უსაფრთხოების ძალებში განუცხადეს, რომ, მიუხედავად ამისა, არსებობს საფრთხე, საბრძოლო მოქმედებები ისევ განახლდეს, რის გამოც იძულებით გადაადგილებული პირები სახლებში დაბრუნებას არ ჩქარობენ.