ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზადაა, ღაზაში ომი დაასრულოს, თუ „ჰამასი“ ისრაელის პირობებს დათანხმდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მზადაა, ღაზაში ომი დაასრულოს, თუ „ჰამასი“ ისრაელის პირობებს დათანხმდება.
„ახლა ვცდილობთ მძევლების ნახევრის გათავისუფლებას, როგორც ცოცხლების, ისე გარდაცვლილებისას, 60-დღიანი დროებითი ზავის სანაცვლოდ. ამ ზავის დასაწყისში დაიწყება მოლაპარაკებები ომის სამუდამოდ დასრულებისთვის. ამისთვის ეს უნდა მოხდეს ჩვენი მინიმალური პირობების შესაბამისად: „ჰამასმა“ დაყაროს იარაღი, „ჰამასს“ აღარ უნდა ჰქონდეს სამხედრო შესაძლებლობები. ეს არის ჩვენი ძირითადი პირობები“,- აღნიშნა ნეანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, თუ შეთანხმება მოლაპარაკებებით მიიღწევა, მისასალმებელი იქნება, თუმცა თუ რამდენიმე თვის განმავლობაში ეს დიპლომატიით ვერ მოხერხდება, მაშინ საქმეში ისრაელის სამხედრო ძალები ჩაერთვებიან.
ამასთან, როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა, აშშ-სა და ირანს ორი თვე აქვთ ბირთვული მოლაპარაკებისთვის. თუ ამ ვადაში შეთანხმება ვერ მიიღწევა, ნეთანიაჰუს თქმით, იმავე მეთოდით, სამხედრო ძალით მოაგვარებენ საკითხს.
„ჩვენ გავანადგურეთ „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი. მაგრამ ყველა არა. ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი შეიარაღებული მებრძოლი რჩება. ჩვენ განვაგრძობთ კომბინირებულ მიდგომას – პირველ რიგში, დიპლომატიას, მაგრამ თუ ეს არ გაამართლებს, მაშინ სამხედრო ძალას მივმართავთ, რათა მისია სრულად შეასრულდეს“, – აღნიშნავს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.