ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანში რეჟიმის ცვლილება შეიძლება იყოს ისრაელის სამხედრო იერიშის შედეგი
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანში რეჟიმის ცვლილება შეიძლება იყოს ისრაელის სამხედრო იერიშის შედეგი

ირანში რეჟიმის ცვლილება შეიძლება იყოს ისრაელის სამხედრო იერიშის შედეგი. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს შედეგი, რადგან ირანის რეჟიმი ძალიან სუსტია. ვფიქრობ, მას ძირითადად რჩება ორი რამ – თავისი გეგმა, ჰქონდეს ატომური ბომბები და ბალისტიკური რაკეტები. ეს არის ძირითადად ის, რაც ირანს აქვს. მათ, რა თქმა უნდა, არ ჰყავთ ხალხი. ხალხის ოთხმოცი პროცენტი გამოაგდებდა ამ თეოლოგიურ ყაჩაღებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისინი ვერ დაუშვებენ, რომ მსოფლიოს ყველაზე საშიშ რეჟიმს მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღი ჰქონდეს.

„ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც აუცილებელია ჩვენი ორმაგი მიზნის მისაღწევად, აღმოვფხვრათ ორი ეგზისტენციალური საფრთხე – ბირთვული საფრთხე და ბალისტიკური რაკეტების საფრთხე“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ირანზე იერიშს, ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმირებული იყო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„ის ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ და გავუზიარეთ შეერთებულ შტატებს, სრულიად ნათელი იყო. სრულიად ნათელი იყო, რომ ირანი მუშაობდა ურანის იარაღად გარდაქმნის საიდუმლო გეგმაზე. ისინი ძალიან სწრაფად მიდიოდნენ წინ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.