ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ავსტრალია იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას განიხილავს
ავსტრალია იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას განიხილავს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც მორისონმა განაცხადა, რომ ის ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ოფიციალურად აღიარებისა და იქ საელჩოს გადატანის საკითხს განიხილავს.
ამავე დროს, ავსტრალიური გამოცემა Sydney Morning Herald-ის ცნობით, მორისონი აცხადებს, რომ იერუსალიმის აღიარების საკითხი მან მინისტრთა კაბინეტის წევრებთან უახლოეს თვეებში უნდა განიხილოს.
იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის დავის მთავარი საგანია. ორივე მხარე ამ ქალაქს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2018 წლის მაისში იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და იქ თელ ავივიდან საელჩო გადაიტანა, რასაც პალესტინელთა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, საელჩოები იერუსალიმში გვატემალამ და პარაგვაიმაც გადაიტანეს, თუმცა გასულ თვეში პარაგვაიმ საკუთარი დიპლომატიური მისია კვლავ თელ ავივში დააბრუნა. პასუხად, ისრაელმა ასუნსიონში თავისი საელჩო დახურა.