ბენიამენ ფალავანდიშვილი - საჩხერის მუნიციპალიტეტში საკვები პროდუქტებით მომარაგების პრობლემა არ არსებობს, ფასები პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი
ბენიამენ ფალავანდიშვილი - საჩხერის მუნიციპალიტეტში საკვები პროდუქტებით მომარაგების პრობლემა არ არსებობს, ფასები პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი

საჩხერის მუნიციპალიტეტში საკვები პროდუქტებით მომარაგების პრობლემა არ არსებობს, ფასები პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი, – ამის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა, ბენიამენ ფალავანდიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის არ შეცვლილა ფასი ისეთი პირველადი მოხმარების პროდუქტზე, როგორიცაა პურის ფქვილი.

„პურის ფქვილის შეძენა მოქალაქეებს ზუსტად იმავე ფასში შეუძლიათ, როგორც აქამდე ყიდულობდნენ. მცირე, თუმცა არასაგანგაშო მატებაა ზეთისა და შაქრის ფასზე. ჩვენ ვაკვირდებით დინამიკას და საჭიროების შემთხვევაში ვაცნობებთ სამხარეო ადმინისტრაციას, რათა გავატაროთ შესაბამისი ზომები“,- განაცხადა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა.

რაც შეეხება პირბადეებსა და ვირუსის პრევენციისთვის საჭირო სხვა ჰიგიენურ საშუალებებს, როგორც ფალავანდიშვილი ამბობს, მიმდინარეობს კონტროლი და ამ ეტაპზე დეფიციტი საჩხერის მუნიციპალიტეტის სააფთიაქო ქსელებში ამ საგნებზე არ შექმნილა.

„განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს სამედიცინო ცენტრის სასტუმროში მოწყობილი კარანტინი, სადაც დაკვირვების ქვეშ, ამ დროისთვის 31 მოქალაქე რჩება. ჩვენ საბავშვო ბაღებში სწავლის შეწყვეტის შემდეგ გამოთავისუფლებული პროდუქტი გადავაგზავნეთ სწორედ კარანტინში. ასევე, გამუდმებით ვიღებთ ინფორმაციას სამედიცინო ცენტრიდან, სადაც სამი ინფიცირებული პირია მოთავსებული. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ბოლო ანალიზებმა აჩვენა, რომ დაავადება არ პროგრესირებს და არის კლებაში. ასე რომ, მათ კლინიკიდან დათქმულ ვადაში გაწერენ“,- აცხადებს ფალავანდიშვილი.

ბენიამენ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, საჩხერის სოფლებთან დამაკავშირებელი ტრანსპორტი შეზღუდულად მოძრაობს.

„რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩვენ შევზღუდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და სოფლებთან დამაკავშირებელი ტრანსპორტი ამ დროისთვის შეზღუდულად მოძრაობს. ასევე დისტანციურ მუშაობაზე გადავიყვანეთ საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს ნაწილი. ნაწილი კი შეთანხმების მიხედვით დადის სამსახურში”,- განაცხადა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა.