ბენჟამინ ჰადადი - მოვუწოდეთ „ქართულ ოცნებას“, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან, იმუშაოს ახალ არჩევნებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით გაყინულ პროცესში
ბენჟამინ ჰადადი - მოვუწოდეთ „ქართულ ოცნებას“, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან, იმუშაოს ახალ არჩევნებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით გაყინულ პროცესში

ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ ქცევა, იქნება ეს საკუთარი მოსახლეობის, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ რეპრესიები, აშორებს ქვეყანას ევროპულ გზას, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე პანელურ დისკუსიაზე საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ქართველების უმრავლესობას სურს, ევროკავშირს შეუერთდეს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. მე ვიცი, რომ ქართველების უმრავლესობას სურს, ევროკავშირს შეურთდეს და გასული წლის არჩევნების შემდეგ უკუსვლა, რუსეთთან მრავალ საკითხზე თანხვედრა და ახლა შიდა რეპრესიები, რომლებსაც ვხედავთ, აშორებს საქართველოს ევროპულ გზას, ეს ძალიან დასანანია. სამწუხაროდ, თუ ასე გაგრძელდება, იქნება მიღებული უფრო ნეგატიური ზომები და ეს ნამდვილად გაყინავს პროცესს. სწორედ ამიტომ ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ „ქართულ ოცნებას“, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან, იმუშაოს ახალ არჩევნებზე, გაათავისუფლოს პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აღმოვჩნდებით მთლიანად გაყინულ პროცესში, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ჰადადმა.

პანელური დისკუსიის მოდერატორმა ჰადადს ევროკომისიის ბოლო ანგარიშზე და ამ კონტექსტში საქართველოსთან დაკავშირებულ განცხადებებზეც ჰკითხა.

„საქმე იმდენად იმაში არ არის, რომ ისინი ხელისუფლებაში არიან. საქმე იმაშია, როგორ ჩატარდა არჩევნები და ახლა მათი ქცევა, რეპრესიები, რეფორმების მხრივ უკუსვლა, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების დევნა. ფაქტობრივად, ეს ყინავს პროცესს“, – აღნიშნა ჰადადმა.

ამასთან, ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმის პანელურ დისკუსიაზე რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ თავდაცვითი ხარჯების გაზრდა.

„ჩვენ ვმუშაობთ უკრაინაში პოტენციურ ცეცხლის შეწყვეტაზე უსაფრთხოების გარანტიებით, რადგან გვესმის, რომ დღეს ცეცხლის შეწყვეტა არ არის. რუსეთი განაგრძობს ადგილზე ვითარების ესკალაციას, ცინიკური გზით უკრაინის მოქალაქეების დაბომბვას. ხვალ სამხედრო მოქმედებები რომც შეწყდეს და გვქონდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მაინც უნდა ვიმუშაოთ რუსეთისგან მომდინარე საფრთხისა და აგრესიის შესაკავებლად. ვიცით, რომ ეს შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს, როგორც შესვენება გადაიარაღებისთვის, ეკონომიკის აღდგენისა და მორიგი ინტერვენციის მოსამზადებლად, რადგან ჩვენ ნანახი გვაქვს, რა მოხდა წარსულში. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ამას უარვყოფდით. ჩვენ გვქონდა 2008 წელი საქართველოში და 2014-ში ყირიმის ანექსია. ასე რომ, ვიცით, რომ ეს არის გრძელვადიანი. სწორედ ამიტომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ თავდაცვითი ხარჯების გაზრდა, როგორც ამას დღეს აკეთებენ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ევროპაში თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებისთვის თანამშრომლობა, რადგან ჩვენ, ყველას, გვაქვს კითხვები, თუ საით წავა აშშ ამ პრეზიდენტობის შემდეგ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება გრძელვადიან პერსპექტივაში. ვფიქრობ, ევროპა უნდა მოემზადოს დამოკიდებულების შესამცირებლად ტექნოლოგიური, სამხედრო, ენერგეტიკული კუთხით და გაძლიერდეს გრძელვადიანად, რადგან ვიცით, რომ უფრო რთულ და კონფლიქტურ მსოფლიოში შევდივართ“, – განაცხადა ჰადადმა.