ბენჟამინ ჰადადი - წადით უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, სადაც ბავშვები ევროპული დროშების ფრიალის გამო ხდებიან სამიზნე, როგორც მაიდანზე
გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა იყოს, – ამის შესახებ საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს პროცესი არ შეიძლება, გახდეს გარკვეული ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების მძევალი, როგორც ეს უნგრეთისა და უკრაინის შემთხვევაში ხდება.
„გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა იყოს. ის დამოკიდებული უნდა იყოს ამ ქვეყნების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე. თუმცა ის, რაც ნათელია, ეს პროცესი არ შეიძლება, იყოს მძევალი სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ორმხრივი მიზეზებით, როგორც ეს მაგალითად უკრაინის შემთხვევაშია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უნგრეთთან ჩართულობა. ვფიქრობ, უკრაინელებმაც გასწიეს დიდი ძალისხმევა უმცირესობების საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ახლა, არაკეთილსინდისიერად გამოიყენება ამ მოლაპარაკებებში“, – განაცხადა ჰადადმა.
მინისტრის თქმით, ევროკავშირმა უნდა გამოძებნოს გზები, რათა ზეწოლა მოახდინოს უნგრეთზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც გაფართოების პროცესს აფერხებენ.
„რეფორმები უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად ყველაფრისა. არ შეიძლება, მოიქცე ისე, რომ რადგან პროცესში დაუყოვნებლივ ვერ ხედავთ წინსვლას, მაშინ შეაჩერებთ რეფორმებს, რადგან რეფორმები თავისთავად კარგია და ისინი კარგია ამ ქვეყნისთვის, იმისდა მიუხედავად, დაუყოვნებლივი წინსვლაა თუ არა გაფართოების პროცესში. ვფიქრობ, ეს ჩვენს ინტერესებშია.
და ჩემთვის ნათელია, რომ იმ დროს, როდესაც ევროპაში ბევრი, შესაძლოა, დაიღალა ევროკავშირით, თქვენ უბრალოდ, უნდა წახვიდეთ უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები ხდებიან სამიზნე, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ, როგორც მაიდანზე 11 წლის წინ. წადით ბალკანეთში, რომელიც არის დისკუსიის ცენტრი და სადაც ქვეყნები წინ მიიწევენ რეფორმებით. შეგიძლია, დაინახო, რომ ევროპის სული ზოგჯერ უფრო მეტად იგრძნობა კანდიდატ ქვეყნებში, ვიდრე ბრიუსელის ოფისებში. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის სტიმულს და შთაგონებას ქმნის და გვახსენებს, რომ მაშინ, როდესაც, ევროკავშირის მიმართ ცინიკურად ხართ განწყობილი, არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ ამ ოჯახში გაწევრიანების მცდელობით. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები და ზეწოლა მოვახდინოთ უნგრეთზე და იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ეს პროცესი მძევლად ჰყავთ აყვანილი“, – განაცხადა ბენჟამინ ჰადადმა.