ბენ ჰოჯესი - საქართველოს შემთხვევაში არ გვჭირდება წევრობის სამოქმედო გეგმაც კი, საქართველო უკვე უნდა იყოს ნატო-ს წევრი
ბენ ჰოჯესი - საქართველოს შემთხვევაში არ გვჭირდება წევრობის სამოქმედო გეგმაც კი, საქართველო უკვე უნდა იყოს ნატო-ს წევრი

მე მხარს ვუჭერ საქართველოს ნატო-ში დაუყოვნებლივ მიპატიჟებას, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა საქართველოს რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველო ახლა ნატო-ში უნდა იყოს. საქართველო უკვე უნდა იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ არ გვჭირდება წევრობის სამოქმედო გეგმაც კი, რადგან საქართველოს შემთხვევაში გაცილებით წინ ვიმყოფებით. მე მხარს ვუჭერ საქართველოს ნატო-ში დაუყოვნებლივ მიპატიჟებას. უკრაინის შემთხვევაში ეს პროცესი ცოტა უფრო ხანგრძლივი იქნება. დასავლეთმა უნდა გაარკვიოს, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ უკრაინას სუვერენიტეტის დაცვაში“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

ინტერვიუს დროს ამერიკელმა გენერალმა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის გრძელვადიანი ამოცანა სავარაუდოდ ოდესის დაკავებაა, რათა უკრაინა შავ ზღვას მოსწყდეს.

„ჩემი აზრით, რუსეთის გრძელვადიანი მიზანი ოდესის დაკავებაა, რათა უკრაინა მოსწყდეს შავ ზღვას. თუმცა, ამას დრო სჭირდება. დასავლეთმა დიპლომატიური არხებით ცალსახად უნდა განუმარტოს კრემლს, რომ რასაც ისინი აკეთებენ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ გერმანელ, ფრანგ და ბრიტანელ მოკავშირეებთან, რათა მათ დაგმონ რუსეთის პროვოკაციული ქცევა და მოითხოვონ კრემლისგან გამჭვირვალობა. ამასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ზეწოლის სხვა ბერკეტებზეც“, – განაცხადა ჰოჯესმა.

ბენ ჰოჯესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ საქართველოს რადიოს ეთერში, ხვალ, 14:00 საათზე, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.

დატოვე კომენტარი