ბენ ჰოჯესი - საქართველო ახლა უნდა იყოს ნატო-ს წევრი
ბენ ჰოჯესი - საქართველო ახლა უნდა იყოს ნატო-ს წევრი

ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ახლა უნდა გახდეს. ამის შესახებ ბენ ჰოჯესი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

როგორც ამერიკელი გენერალი აღნიშნავს, შავი ზღვის რეგიონი ამჟამად ნატო-ს მთავარი რეგიონული პრიორიტეტი უნდა იყოს.

„საქართველო ახლა უნდა იყოს ნატო-ს წევრი. შავი ზღვა ნატო-სთვის მთავარი რეგიონული პრიორიტეტი უნდა იყოს. კრემლი იყენებს შავ ზღვას და მის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის ბაზებს, როგორც ტრამპლინს თავისი მავნებლური ძალისხმევისთვის სირიასა და ლიბიაში“, – წერს ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი მთავარსარდალი.

ამასთან, ბენ ჰოჯესი აზიარებს ინფორმაციას ნატო-ში საქართველოს ელჩის, ვიქტორი დოლიძისა და ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ბრიუსელში შეხვედრის შესახებ.