ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრები - კარგია კახა კალაძის ინიციატივა და ვითამაშებ კიდეც, მაგრამ ის არ გამოვა, ჩვენი ბავშვები მთელი დღე მოედანზე არ შეუშვან
ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრები - კარგია კახა კალაძის ინიციატივა და ვითამაშებ კიდეც, მაგრამ ის არ გამოვა, ჩვენი ბავშვები მთელი დღე მოედანზე არ შეუშვან

კარგია კახა კალაძის ინიციატივა და ვითამაშებ კიდეც, მაგრამ ის არ გამოვა, ჩვენი ბავშვები მთელი დღე მოედანზე არ შეუშვან – ასე გამოეხმაურა ​ბელიაშვილზე მომხდარი ინციდენტის მოწმედ დაკითხული რეზო კუპატაძე თბილისის მერის ინიციატივას, მომხდარში მონაწილე მხარეებმა ამხანაგური შეხვედრა გამართონ.

თბილისში, დიდუბის პოლიციაში ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის საქმეზე საქართველოს რამდენიმე მოქალაქე პოლიციაში გამოიკითხა. როგორც მათ პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადეს, ინციდენტი უცხოელმა სტუდენტებმა დაიწყეს.

„მივაწოდე ის ინფორმაცია, რაც დავინახე – როგორ ამოარტყეს გიორგის ფეხი. მეათე სართულიდან რაც დავინახე, ეს არის. ანიშნა, როდის რჩებოდნენ თამაშს, რადგან ბავშვებს უნდოდა თამაში. ამის შემდეგ დავინახე, რომ გიორგის ფეხი მოუქნია. ნიგერიელებს, ვინც ცხოვრობენ ჩვენ ეზოში, კითხეთ, როგორ ვეპყრობით, „ნისიები“ აქვთ მაღაზიაში, ძალიან კარგად ვექცევით, ნიგერიელი ადგილობრივი იქ იყო 4-5, თორე დანარჩენები სხვადასხვა უბნებიდან იყვნენ. ისინი პირველად კი არ თამაშობდნენ მანდ, გამოვრიცხავ, რომ კანის ფერის გამო მომხდარიყო ეს ინციდენტი. საჭმელსაც ვაწოდებდი და ღვინოსაც.

მინდა, ასევე გამოვეხმაურო კახა კალაძის ინიციატივას, ძალიან კარგი ინიციატივაა და ვითამაშებ კიდეც, ბავშვებსაც ვათამაშებ, მაგრამ ის, რომ ჩვენი ბავშვები მთელი დღე მოედანზე არ შეუშვან, ეგ არ გამოვა“, – აცხადებს რეზო კუპატაძე.

ჟურნალისტებს ბელიაშვილის ქუჩის კიდევ ერთი მცხოვრები გაესაუბრა და ინციდენტის დეტალები უამბო.

„თავიდანვე იქ ვიყავი, დავინახე, რომ მოედანზე მარტო შევიდა ერთი ადამიანი. ჩემი თვალით დავინახე, რომ მას დაარტყეს, ხოდა ეს რომ დაინახა ხალხმა, მერე მოვარდნენ. მოთამაშეები გარეთ გამოვარდნენ, ხელკეტი არ უჭირავს არავის, იქ ერთ მამაკაცს ხელჯოხი უჭირავს. კანის ფერის გამო არ მომხდარა დაპირისპირება, ისინი რომ ქართველები ყოფილიყვნენ, იგივეს ვეტყოდით, ბავშვები ცოდოები იყვნენ და გვინდოდა ეთამაშათ. ერთმა კაცმა შეიძლება გაყაროს 20 ადამიანი მოედნიდან? ეს ხომ არალოგიკურია, კადრები გავრცელდა, მაგრამ საწყისი არ არის გადაღებული, მაგათან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, არანაირი აგრესია არ გვაქვს მათ მიმართ, მათ აიყვანეს 50 ადვოკატი და ჩვენ არ გვყავს ადვოკატი. ვფიქრობთ, ფული ავაგროვოთ და ავიყვანოთ ადვოკატი“, – განაცხადა ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებმა და აღნიშნა, რომ კალაძის ინიციატივას ისიც მიესალმება.

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირი უცხოეთის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა. მხარეები მომხდარის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ.