ბელგრადში რეზონანსული კორუფციული საქმეების გამოძიებაში ჩართული პროკურორების გათავისუფლება გააპროტესტეს
ბელგრადში რეზონანსული კორუფციული საქმეების გამოძიებაში ჩართული პროკურორების გათავისუფლება გააპროტესტეს

ბელგრადში რეზონანსული კორუფციული საქმეების გამოძიებაში ჩართული პროკურორების გათავისუფლება გააპროტესტეს. აქციაში ოპოზიციის მხარდამჭერები და უფლებადამცველები მონაწილეობდნენ.

საქმე ეხება ორ პროკურორს, რომლებიც სერბეთის ენერგეტიკულ კომპანიაში კორუფციის მასშტაბურ შემთხვევებს იძიებდნენ. მათი ხელმძღვანელობით ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს ექვსი ეჭვმიტანილი, რომელთაც 7,5 მილიონი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებენ.

სერბეთის პროკურატურაში განმარტეს, რომ ორი პროკურორი „მუშაობის ნელი ტემპის გამო“ და მათივე თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.

თუმცა, ბელგრადში გამართული დემონსტრაციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ პროკურორები კორუფციაში ჩართული პირების მხილების გამო მოხსნეს. მათ პროკურორების თანამდებობაზე აღდგენა და სერბეთის სახელმწიფო პროკურორის გადაყენება მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ შარშან სერბეთში კონსტიტუცია შეცვალეს, რათა პროკურორებისა და მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო. ეს გახლდათ ბრიუსელის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სერბეთის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.