ბელგრადში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
ბელგრადში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

ბელგრადში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც სერბეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს მიმართა და ქართული პარლამენტარიზმის ისტორიის შესახებ ესაუბრა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და სერბეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ ბელგრადში ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის შეფასებისას, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამართული მაღალი დონის შეხვედრები ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„გვქონდა ძალიან საინტერესო და შედეგიანი ვიზიტი. გავმართეთ ძალიან საინტერესო დისკუსიები ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა მოგვცა პირობა, რომ საქართველოში გაიხსნება სერბეთის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა. ასევე, გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენების შემოღება და ამ კუთხითაც პრეზიდენტი დაგვპირდა მის უშუალო მხარდაჭერას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ,  რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური და კულტურული კავშირების შემდგომ განვითარებას. ასევე, მოხარული ვართ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში გავხსენით პირველი ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა სერბეთში. ეს ნაბიჯები უზრუნველყოფს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მიღებას სერბეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ბიზნესსექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, სერბეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.​