ბელგრადში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოლიტიკა გააპროტესტეს
ბელგრადში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოლიტიკა გააპროტესტეს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.  დემონსტრაციები უკვე სამი დღეა იმართება. მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის წინ მჯდომარე აქცია მოაწყეს.

ანალოგიური დემონსტრაციები გაიმართა სერბეთის სხვა ქალაქებშიც.

საპროტესტო გამოსვლები ბელგრადში მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრ ვუჩიჩმა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო კარანტინის, მათ შორის, კომენდანტის საათის დაწესება დააანონსა. კომენდანტის საათი 10 ივლისიდან 13 ივლისამდე უნდა დაწესებულიყო, თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციებისა და არეულობების შედეგად, მთავრობამ კომენდანტის საათის გამოცხადებაზე უარი თქვა. ამის ნაცვლად, სერბეთში გამკაცრდება სხვა შეზღუდვები. კერძოდ, აიკრძალება 10 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, გამკაცრდება პირბადის ტარების წესიც.

კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად, სერბეთმა მკაცრი კარანტინი მარტის დასაწყისში გამოაცხადა. თუმცა, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მაისის ბოლოს შეზღუდვები გააუქმა და 21 ივნისს საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა.

საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტ ვუჩიჩის მმართველი პარტია „სერბეთის პროგრესიული პარტია“ ხალხმრავალ აქციებს ატარებდა. კამპანიის მიმდინარეობისას საარჩევნო შტაბის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის პრეზიდენტის მრჩეველი, დაინფიცირდა.