ბელგრადში ალექსანდრ ვუჩიჩის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა

00:12, 06.11.2025

ბელგრადში, პარლამენტის წინ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა.

დემონსტრანტები დიანა ჰრკას მიერ გამოცხადებული შიმშილობის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მისი შვილი არის რკინიგზის სადგურის ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ 16 ადამიანს შორის ერთ-ერთი.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები, წარწერებით: „დიანა ყველა ჩვენგანის დედაა“ და „სამართლიანობა ნელია, მაგრამ მიღწევადი“. დემონსტრანტები ასევე სკანდირებდნენ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მიმართ კრიტიკულ ლოზუნგებს.

პარალელურად, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ მთავრობის მომხრეებიც, რომლებსაც ხელში სერბეთის დროშები ეჭირათ. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმიც.

ცნობისთვის, 2024 წლის პირველ ნოემბერს ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევის შემდეგ სერბეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც სამართალდამცველებთან შეტაკებები მოჰყვა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. შედეგად, ქვეყნის მშენებლობის მინისტრმა, გორან ვესიჩმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით ის და კიდევ 12 პირი დააკავეს, თუმცა დღემდე არცერთის პასუხისგების საკითხი არ დამდგარა. პოსტი დატოვა პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმაც, თუმცა ამით საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა და პერიოდულად კვლავ იმართება.

მსგავსი