ბელგრადის ქუჩებში ათასობით ადამიანმა სერბი სტუდენტების მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია გამართა

16:14, 21.02.2025

ბელგრადის ქუჩებში ათასობით ადამიანმა სერბი სტუდენტების მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ბელგრადის მოსახლეობა ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან ხუთ კოლონად შეიკრიბა და იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც სტუდენტები, ორ თვეზე მეტია, ყოველდღიურად საპროტესტო აქციებს მართავენ და ქვეყანაში არსებული კორუფციის წინააღმდეგ გამოდიან.

მედიის ცნობით, სტუდენტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, სადგურის სახურავის ჩამონგრევის შესახებ დოკუმენტაციის გამოქვეყნება, სამართლიანობა დამნაშავეებისთვის, სტუდენტური აქციის მონაწილეებისთვის ბრალდებების მოხსნა და უმაღლესი განათლების ბიუჯეტის გაზრდა.

ბელგრადში აქციის მონაწილეებმა დუმილით პატივი მიაგეს რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, აქციის მონაწილეები ტრაგედიაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ითხოვენ სადგურის განახლებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის გასაჯაროებას და მომხდარზე პასუხისმგებელი პირებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

მსგავსი