ბელგიის სასამართლომ ბანკის ძარცვის საქმეზე დაკავებული 27 წლის ქართველის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
ბელგიის სასამართლომ ბანკის ძარცვის საქმეზე დაკავებული 27 წლის ქართველის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

ბელგიის სასამართლომ ანტვერპენში ბანკის ფილიალის ძარცვის საქმეზე დაკავებული 27 წლის ქართველის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბელგიის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი კობა მ. 4 თებერვალს დააკავეს. პროკურატურამ მამაკაცის გათავისუფლების გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ბელგიური მედია იტყობინება, რომ კობა მ. პატიმრობაში სულ მცირე 14 დღის განმავლობაში დარჩება.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა საჰილ მალიკმა განაცხადა, სასამართლომ ბანკის ძარცვაში კობა მ.-ს მონაწილეობის დასადასტურებლად მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია. ამასთან, ადვოკატის თქმით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მედიაში საქმის აქტიური გაშუქებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები დაირღვა.

ანტვერპენის პოლიცია ამ დრომდე ეძებს ბანკის ძარცვაში სხვა ეჭვმიტანილებს. ამასთან, როგორც ბელგიური მედია წერს, სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში ასევე დააკავეს კობა. მ-ს მამა და მეგობარი.

ბანკ „ბი-ენ-პი პარიბასის“ ფილიალის საცავში მძარცველებმა შეღწევა ორი მიწისქვეშა გვირაბისა და საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით შეძლეს. გატეხილია დახლოებით 13 სეიფი. ძარცვის დროს სიგნალიზაცია ამოქმედდა, თუმცა მძარცველებმა ადგილიდან მიმალვა შეძლეს.

ბანკის ფილიალის გაძარცვაში ეჭვმიტანილი 27 წლის ქართველი 6 თებერვალს დააკავეს.