ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროსაბჭოს გენმდივნის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიდიე რეინდერსმა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიასაშუალების ცნობით, რეინდერსმა აღნიშნულ პოსტზე განაცხადი გასულ კვირას წარადგინა.
დიდიე რეინდერსი ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. მანამდე ის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
ევროსაბჭოს ახალ გენერალურ მდივანს 2019 წლის ივნისში აირჩევენ, ოქტომბერში კი ის ოფიციალურად შეუდგება მოვალეობის შესრულებას. ევროსაბჭოს ახალი გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდს შეცვლის.
გასული წლის მაისში დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ ევროსაბჭო ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში ყველაზე მწვავე კრიზისს განიცდის. მისი თქმით, ორგანიზაციის გამოწვევას წარმოადგენს არამხოლოდ გაყინული კონფლიქტები და გეოპოლიტიკური დაძაბულობა, არამედ ფინანსური პრობლემებიც. შეგახსენებთ, რუსეთი, რომლის დელეგაციასაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება აქვს შეწყვეტილი, საწევროს გადახდაზე უარს აცხადებს.