ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - სავაჭრო შეთანხმება საუკეთესო გზაა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - სავაჭრო შეთანხმება საუკეთესო გზაა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის

სავაჭრო შეთანხმება საუკეთესო გზაა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის, – ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იუბილესთან დაკავშირებული მინისტერიალის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კანონის უზენაესობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ფოკუსირება.

„პირველ ყოვლისა, ჩვენ უნდა შევასრულოთ ყველა არსებული შეთანხმება. შესაძლოა, სავაჭრო შეთანხმება საუკეთესო გზაა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის. თუმცა მომავალ წლებში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კანონის უზენაესობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ფოკუსირება. მრავალ პარტნიორს ამ სფეროებში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გააჩნია. ამიტომ პრიორიტეტული იქნება არა მხოლოდ სავაჭრო შეთანხმებების შესრულება, არამედ უფრო მეტი ყურადღების დათმობა კანონის უზენაესობისთვის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე ამ საკითხებს განვიხილავთ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“, – განაცხადა დიდიე რეინდერსმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში დღეს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლებენ. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს დეგელაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.