ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკომისიის გეგმა გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ მისი ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელია
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ პრევოსი აცხადებს, რომ ევროკომისიის გეგმა გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ მისი ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელია. ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
ამასთან პრევოსმა იმედი გამოთქვა, რომ მისი შეშფოთება შეუმჩნეველი არ დარჩება.
„ბელგია, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაფარვის აუცილებლობას. თუმცა ამის გაკეთების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ რეპარაციის სესხის ვარიანტს ყველაზე ცუდ გზად მივიჩნევთ, რადგან ის სარისკოა; აქამდე არავის უცდია ეს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ სქემის შედეგად ბელგიის წინაშე არსებული რისკები სრულად იყოს დაფარული. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ პოტენციურად კატასტროფული შედეგები წევრი სახელმწიფოსთვის, რომელსაც სოლიდარობის გამოხატვას სთხოვენ სანაცვლოდ სოლიდარობის შეთავაზების გარეშე“, – განაცხადა მინისტრმა.
პრევოსმა ასევე დაადანაშაულა ევროპა ბელგიელების მიერ წარმოდგენილი არგუმენტების უგულებელყოფაში.
მედიის ცნობით, ევროკომისია, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს და გამოაქვეყნებს ახალ წინადადებას რეპარაციის სესხის შესახებ, რომელიც გაყინული რუსული აქტივების ნაწილობრივ უკრაინისთვის გადაცემის სქემას წარმოადგენს.