ბელგიის პრემიერი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის დასახმარებლად რუსული გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ კირ სტარმერთან მოლაპარაკებებს გამართავს 
ბელგიის პრემიერი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის დასახმარებლად რუსული გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ კირ სტარმერთან მოლაპარაკებებს გამართავს 

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან მოლაპარაკებებს გამართავს.

„გარდიანის“ ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის ლიდერები მიგრაციის, უსაფრთხოების, ეკონომიკის საკითხებთან ერთად, უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების თემას განიხილავენ.

ბელგია უკრაინის დასაფინანსებლად რუსული გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ ევროკავშირის გეგმას ეწინააღმდეგება. გაყინული რუსული აქტივების უმეტესი ნაწილი კი სწორედ ბელგიაში ინახება. მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ კირ სტარმერი, როგორც „მსურველთა კოალიციის“ თანათავმჯდომარე, გააგრძელებს გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის არგუმენტების გამოყენებას, რათა მომავალ კვირაში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტამდე ბელგიაზე გარკვეული ზეწოლა მოახდინოს.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გაყინული რუსული აქტივები უნდა მიიღოს უკრაინამ და არა შეერთებულმა შტატებმა.