ფრიდრიხ მერცი – აშშ-ში ზოგიერთს სურს, მიიღოს ეკონომიკური სარგებელი უკრაინაში ომის შესაძლო მოგვარებიდან, გაყინული რუსული აქტივები უნდა მიიღოს უკრაინამ და არა შეერთებულმა შტატებმა

17:53, 05.12.2025

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გაყინული რუსული აქტივები უნდა მიიღოს უკრაინამ და არა შეერთებულმა შტატებმა.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის კანცლერი წინააღმდეგია იდეის, რომ გაყინული რუსული აქტივები აშშ-ს გადაეცეს. მედიის ცნობით, აღნიშნული იდეა განიხილებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აწარმოებს.

„ეს ფული უნდა გადაეცეს უკრაინას“, – თქვა ფრიდრიხ მერცმა.

მისივე თქმით, უკრაინას ზამთრის სეზონის გადასატანად დახმარება და ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში.

„ამისთვის ჩვენ გვჭირდება სახსრები. ეს არის შიდა ევროპული საკითხი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ ეკონომიკურ შესაძლებლობას, რომ ეს სახსრები გადავიტანოთ აშშ-ში და ამერიკის მთავრობამ ეს იცის“, – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.

მისი თქმით, აშშ-ში ზოგიერთს სურს, „მიიღოს გარკვეული ეკონომიკური სარგებელი“ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესაძლო მოგვარებიდან.

„ეს კანონიერია, მაგრამ ეს არ არის იმ ოპერაციის მიზანი, რომელსაც ერთობლივად დავიწყებთ ევროპაში უახლოეს დღეებში“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მსგავსი