ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა მიმდინარეობს

უკვე ათი საათია, კატალონიის ყოფილი ლიდერი გამოძიებას ჩვენებას აძლევს. კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს.

გამომძიებელ-მოსამართლეს გადაწყვეტილების მისაღებად ოცდაოთხსაათიანი ვადა აქვს. ვადა 6 ნოემბერს, 09:17 საათზე იწურება.

გამომძიებელ-მოსამართლე გადაწყვეტს კარლეს პუიჩდემონის და მისი თანამოაზრეების დაპატიმრების ან გირაოთი გათავისუფლების საკითხს. გამოძიებას ჩვენებას აძლევენ ყოფილი მინისტრები, რომლებიც პუიჩდემონთან ერთად პოლიციაში გამოცხადდნენ. დაკითხვის პროცესს ესწრებიან ადვოკატებიც.

კატალონიის ყოფილი ლიდერისა და ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გაფლანგვა, დაუმორჩილებლობა და ამბოხების მოწყობის მცდელობა ედებათ ბრალად.

თუ კარლეს პუიჩდემონს პატიმრობაში დატოვებენ, კანონმდებლობის მიხედვით, ბელგიას 60 დღე აქვს, რათა ესპანეთისთვის მისი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.