ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - საქართველო კარგად ორგანიზებული გუნდია, ხვალ ძალიან რთულ მატჩს ველოდები #1TVSPORT
ევრო 2023-ის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან მეორე ტურის შეხვედრამდე ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟაკ მატისენმა პრესკონფერენციაზე მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„საქართველოსთან მატჩისთვის ჩვენ რამდენიმე თვე ვემზადებოდით. პორტუგალიასთან შესანიშნავი გუნდი ვნახეთ. ეს იყო იმის დადასტურება, რაც უკვე ვიცოდით – საქართველო შესანიშნავი გუნდია, კარგად ორგანიზებული, მკაფიო სათამაშო გეგმით.
ასევე ვნახე ფანტასტიკური მეკარე (ლუკა კუტალაძე), რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. თუმცა ვიცით, რომ ჩვენთან ძირითად შემადგენლობაში ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს.
ყველზე მნიშვნელოვანი, რაც გამოჩნდა არის ის, რომ საქართველოს ნაკრებს პორტუგალიის დასამარცხებლად ეროვნული ნაკრების საუკეთესო მოთამაშეები, ხვიჩა კვარაცხელია და ჟორჟ მიქაუტაძე არ დასჭირდათ. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გუნდურად ძლიერია.
გამარჯვების შემთხვევაში ქართველები პლეი ოფში გავლენ და ეს ამ ქვეყნისთვის დიდი მოვლენა იქნება. პორტუგალიასთან მატჩის დროს ნანახის გათვალისწინებით, ვფიქრობ, სტადიონი გაივსება. ასე რომ, ურთულესი მატჩის მოლოდინი გვაქვს“, – ამბობს ჟაკ მატისენი.
A ჯგუფის პირველ მატჩში ბელგია ნიდერლანდებს დაუზავდა, ხოლო საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და გალიდერდა. საქართველოსა და ბელგიის შეხვედრა 24 ივნისს „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება – მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.