ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა

ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი და რეგიონული მთავრობის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა. კატალონიის მთავრობის ყოფილმა წევრებმა ბელგიის ფედერალური პროკურატურის შენობა, თითქმის 12-სათიანი დაკითხვის შემდეგ, უკვე დატოვეს.

​როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება, გამომძიებელმა მოსამართლემ კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილი წევრები რამდენიმე პირობით გაათავისუფლა: კარლეს პუიჩდემონს და ყოფილ მინისტრებს ეკრძალებათ ბელგიის ტერიტორიის დატოვება გამომძიებელ მოსამართლესთან შეთანხმების გარეშე, მათ გამომძიებელ მოსამართლეს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ასევე უნდა დაესწრონ ყველა პროცესს, გამოძახების შემთხვევაში.

ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მოტივით მიიღო, რომ ბელგიურ მხარეს ჯერ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, გაითვალისწინებს თუ არა ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერს. ბელგიური მხარე გადაწყვეტილებას 15 დღის ვადაში მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთის მიერ გაცემული ორდერი გათვალისწინებული იქნება, კარლეს პუიჩდემონისა და მისი თანამებრძოლების ესპანეთში ექსტრადირების პროცედურები უნდა დაიწყოს. 

როგორც კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი აცხადებს, თუ ბელგიური მხარე ესპანეთის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ის ყველა ინსტანციაში გასაჩივრდება. ბელგიის კანონმდებლობის თანახმად კი, აღნიშნულ პროცედურებს ორი თვე დასჭირდება, რაც პუიჩდემონს კატალონიის რეგიონული მთავრობის არჩევნებში მონაწილეობის თეორიულ შანსს აძლევს. ესპანეთის მთავრობის სპიკერმა მანამდე განაცხადა, რომ პირს აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუ მისი ბრალი დადგენილი არ არის.

კატალონიის ყოფილი ლიდერი და მისი თანაგუნდელები ბელგიის პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდნენ.

კატალონიის ყოფილი ლიდერისა და ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გაფლანგვა, დაუმორჩილებლობა და ამბოხების მოწყობის მცდელობა ედებათ ბრალად.