ბელგიაში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
ბელგიაში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

ბელგიაში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამ მოხუცთა თავშესაფრის მაცხოვრებლებს ჩაუტარდათ.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ვაქცინის პირველი დოზა პურსის მუნიციპალიტეტის მოხუცთა თავშესაფრის მაცხოვრებელს, 96 წლის ჯო ჰემანსს გაუკეთეს. სწორედ პურსში მზადდება „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს.

ვაქცინაცია ჩაუტარდათ ფრანგულენოვანი ქალაქის მონსისა და ბრიუსელის გარეუბანში არსებულ მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებსაც. 3-11 დეკემბერს სამეცნიერო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბელგიელების 60 პროცენტი მზად არის, ვაქცინა გაიკეთოს. ბელგია იმ ქვეყნების რიცხვშია, რომელსაც პანდემიის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

ბელგიაში ამ ეტაპზე ნაწილობრივი ეკონომიკური და სოციალური კარანტინია დაწესებული. ქვეყანაში კორონავირუსით ჯამში, 19 200 პაციენტია გარდაცვლილი.