ბელარუსში უმსხვილესი დამოუკიდებელი მედიასაშუალება tut.by-ი გადასახადებისთვის თავის არიდებაში დაადანაშაულეს
ბელარუსში უმსხვილესი დამოუკიდებელი მედიასაშუალება tut.by-ი გადასახადებისთვის თავის არიდებაში დაადანაშაულეს

ბელარუსში უმსხვილესი დამოუკიდებელი მედიასაშუალება tut.by-ი გადასახადებისთვის თავის არიდებაში დაადანაშაულეს. საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდი ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე დაბლოკილია.

tut.by-ის რედაქციაში სამართალდამცავები დღეს დილით მივიდნენ. მათ მედიასაშუალების ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ასევე მივიდნენ საინფორმაციო სააგენტოს რამდენიმე ჟურნალისტისა და მთავარი რედაქტორის სახლში. როგორც ბელარუსის მედია იუწყება, საქმის ფიგურანტებს შორის არის ასევე tut.by-ის დირექტორი და ბუღალტერიც.

მომხდართან დაკავშირებით ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია ევროკომისიის პრეზიდენტს ესაუბრა. პოლიტიკოსმა არსებულ ვითარებას მედიასაშუალებების განზრახ მკვლელობა უწოდა.

ჩხრეკის შემდეგ, ფინანსურ საგამოძიებო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახედებისთვის თავის არიდების მუხლით. მათივე მტკიცებით, მედიასაშუალების მფლობელი კომპანია არამიზნობრივად სარგებლობდა შეღავათებით, რითაც სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ამის შემდეგ, ბელარუსის ინფორმაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ tut.by დაბლოკეს.

tut.by ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი გამოცემაა ბალარუსში. ვებგვერდი აქტიურად აშუქებდა ქვეყენაში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ აქციებს.