ბელარუსში სტუდენტები აქციას მართავენ
ბელარუსში სტუდენტები აქციას მართავენ

ბელარუსში სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმელებმა მომიტინგეთა ნაწილი დააკავეს.

როგორც ბელარუსული ვებ-გვერდი „თუთ ბაი“ (tut.by) იუწყება, თავდაპირველად მსვლელობის მოწყობა ბელარუსის ტექნიკური და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წამოიწყეს. შემდეგ მათ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც შეუერთდნენ.

სპეცრაზმელებმა ახალგაზრდების კოლონის შეჩერება სცადეს, რის შემდეგაც დაკავებები დაიწყო. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ამჟამად დემონსტრანტების ნაწილი ბელარუსის განათლების სამინისტროსკენ მიემართება.

შეგახსენებთ, 27 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ აქციებში მონაწილე სტუდენტებს ჯარში გაიწვევენ.

ამავე დროს ტელეგრამ-არხი „ნექსტა“ ავრცელებს ცნობებს, რომ რამდენიმე ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ.

მანამდე ბალარუსის ოპოზიციამ განაცხადა, რომ პირველი სექტემბერი სოლიდარობის დღედ გამოცხადდა და სხვადასხვა საწარმოს თანამშრომლებს გაფიცვებისკენ მოუწოდეს.