ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით 5 767 საარჩევნო უბანია მოწყობილი, რომლებიც ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა.

პრეზიდენტობისთვის სულ ხუთი კანდიდატი იბრძვის. მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი, 65 წლის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში პოსტს, მეექვსე ვადით დაიკავებს.

პრეზიდენტობის კანდიდატია სვეტლანა ციხანოვსკაია, ცნობილი იუთუბერისა და ამჟამად დაპატიმრებული აქტივისტის, სერგეი ციხანოვსკის მეუღლე, რომელიც საარჩევნო ბრძოლაში სწორედ სერგეი ციხანოვსკის დაკავების შემდეგ ჩაერთო.

პრეზიდენტობისთვის ასევე იბრძვიან პარლამენტის წევრი ანა კანაპატსკაია, ბელარუსის სოციალ-დემოკრატიული ასამბლეის თავმჯდომარე სერგეი ჩერაჩენი და პოლიტიკური მოძრაობა „თქვი სიმართლეს“ თანათავმჯდომარე ანდრეი დიმიტრიევი.

წინასწარი ხმის მიცემის პროცედურა, არჩევნების ოფიციალურ თარიღამდე, ხუთი დღით ადრე დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ უფლებით, 6.8 მილიონი ამომრჩეველიდან 41.7 პროცენტმა უკვე ისარგებლა.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება.

დატოვე კომენტარი