მინსკში გერმანული სამაუწყებლო კომპანიის, „დოიჩე ველეს“ რუსული რედაქციის კორესპონდენტი პავლიუკ ბიკოვსკი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „ბელტას“ ფასიან სერვისთან უკანონო წვდომაში დაადანაშაულეს. მას 4 ათასამდე ბელარუსული რუბლის ოდენობის ჯარიმა ელის. ჟურნალისტის დაკითხვა საგამოძიებო კომიტეტში საათ-ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. ბიკოვსკის ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დაატოვებინეს.
ბელარუსში ბრალი წაუყენეს ასევე სააგენტო „ბელა-პანის“ მთავარ რედაქტორს, ირინა ლევშინას და საინფორმაციო პორტალ Tut.by-ს მთავარ რედაქტორს, გალინა ულასიკს. ლევშინას თქმით, ხელისუფლება მისგან 12 ათასი ბელარუსული რუბლის ანაზღაურებას ითხოვს.
ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა 7 აგვისტოს ორივე მედიასაშუალების ოფისებში, ასევე მათი თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს, დააკავეს და დაკითხეს 20-მდე ჟურნალისტი.
საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო სააგენტოს, „ბელტას“ განცხადების საფუძველზე ჩატარდა. აგვისტოში დაკავებული ჟურნალისტები მალევე გაათავისუფლეს.
როგორც ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 2017-2018 წლებში სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანხმობის გარეშე „ბელტას“ კომპიუტერულ სისტემაში არსებული ინფორმაციისადმი წვდომის 15 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.