ბელარუსში სამ ჟურნალისტს ბრალი წაუყენეს
ბელარუსში სამ ჟურნალისტს ბრალი წაუყენეს

მინსკში გერმანული სამაუწყებლო კომპანიის, „დოიჩე ველეს“ რუსული რედაქციის კორესპონდენტი პავლიუკ ბიკოვსკი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „ბელტას“ ფასიან სერვისთან უკანონო წვდომაში დაადანაშაულეს. მას 4 ათასამდე ბელარუსული რუბლის ოდენობის ჯარიმა ელის. ჟურნალისტის დაკითხვა საგამოძიებო კომიტეტში საათ-ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. ბიკოვსკის ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დაატოვებინეს.

ბელარუსში ბრალი წაუყენეს ასევე სააგენტო „ბელა-პანის“ მთავარ რედაქტორს, ირინა ლევშინას და საინფორმაციო პორტალ Tut.by-ს მთავარ რედაქტორს, გალინა ულასიკს. ლევშინას თქმით, ხელისუფლება მისგან 12 ათასი ბელარუსული რუბლის ანაზღაურებას ითხოვს.

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა 7 აგვისტოს ორივე მედიასაშუალების ოფისებში, ასევე მათი თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს, დააკავეს და დაკითხეს 20-მდე ჟურნალისტი.

საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო სააგენტოს, „ბელტას“ განცხადების საფუძველზე ჩატარდა. აგვისტოში დაკავებული ჟურნალისტები მალევე გაათავისუფლეს.

როგორც ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 2017-2018 წლებში სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანხმობის გარეშე „ბელტას“ კომპიუტერულ სისტემაში არსებული ინფორმაციისადმი წვდომის 15 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.